ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები, შესაძლოა, ხარკივის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ქალაქ ხარკივზე და ხარკივის რეგიონის დასახლებებზე ხელახალი შეტევის მცდელობების შესახებ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან უპასუხონ მტრის ნებისმიერ მცდელობას", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვის თქმით, კუპიანკის, დვურეჩანსკოეს და კრემენაიას მიმართულებით მტერი ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინსვლაში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთს არ გააჩნია საკმარისი საბრძოლო ძალა უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული ახალი დიდი შეტევისთვის.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევს, რომ რუსები შეტებას სამი მიმართულებით დაიწყებენ, დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა, შესაძლოა, ხარკივის ან ზაპოროჟიეს რეგიონებში დაიწყოს.