ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას მართავს.
დეკანოზის ოჯახის წევრები სინოდის წევრებს სამი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ახსენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და მოითხოვენ, საქმე საფუძვლიანად იქნას შესწავლილი.
დეკანოზის ძმის თქმით, გიორგი მამალაძე ივანიშვილისა და საპატრიარქოს პირადი ტყვეა. ის სინოდის დღევანდელ სხდომას სპექტაკლს უწოდებს და ძმის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აანონსებს.
„დღევანდელი აქციით მინდა შევახსენო სინოდის წევრებს, რომ ოთხი წელი გავიდა იმ ტყვეობიდან, რომელიც ოთხი წლის წინ განახორციელეს პატრიარქმა და ივანიშვილმა ჩემი ძმის წინააღმდეგ. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ შექმნან კომისია ციანიდის საკითხთან დაკავშირებით და იმსჯელონ, გაერკვნენ სიმართლეში. თავად კარგად იციან, რა ხდება საპატრიარქოში და რაც იმართება, ის სხდომები, არის დადგმული სპექტაკლი და ფარსი. აქციები გაგრძელდება. პანდემიიდან გამოწვეული პრობლემების გამო ვიყავი გაჩერებული. ვაპირებთ კარვის გაშლას რუსთაველზე და ამით მინდა შევახსენო ჩემი ძმა როგორც ივანიშვილს", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.