logo
ENG



სირაძე პრაიდზე: ყველას აქვს გამოხატვის უფლება, დაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას

01 ივლ 202119:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/01/nrd894zx9ph1pz0.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ თბილისი პრაიდის მონაწილეებს და მათ მოწინააღმდეგეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.

როგორც სირაძემ აღნიშნა, სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის, სიტყვის და გამოხატვის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებზე თავდასხმის ან მათი შეურაცხყოფის ნებისმიერ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

"ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოში", - თქვა ვაჟა სირაძემ.

ლოკაციაზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა. ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს.

ფილმის ჩვენება ამ დროისთვის უკვე დაწყებულია. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესრებიან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი. 

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს დაწესებულების შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს.


close დახურვა