logo
ENG



ლოკაციაზე, სადაც პრაიდის კვირეული უნდა გაიხსნას, 11 ადამიანი დააკავეს

01 ივლ 202118:38
3 წუთის საკითხავი
 

ლოკაციაზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, ვითარება კვლავ დაძაბულია. 

ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს.

როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

ადგილზე სიძულვილის ენის შემცველი და ჰომოფობიური შინაარსის შეძახილები ისმის. ძალადობრივმა ჯგუფებმა აქტივისტების მისამართით ქვებიც ისროლეს. ისინი ამბობენ, რომ პრაიდის კვირეულის ჩაშლას აპირებენ, მათ შორის აპირებენ კვირეულის პირველი ღონისძიების ჩაშლასაც. 

ადგილზე იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, ალტ ინფოს და ლევან ვასაძის "ერის" წარმომადგენლები.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უწყება მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს. 

არსებული ინფორმაციით, ფილმის პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. კერძოდ, კი ღონისძიებას ელჩი გახსნის, თუმცა რომელი ქვეყნის ჯერჯერობით უცნობია. 

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა