მოძრაობა სირცხვილია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართავს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.
მათი თქმით, "ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, კრემლის ინტერესების გამტარია და სტრატეგიული პარტნიორების მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება".
"ჩანაწერი, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, მაშინ არის გაკეთებული, როდესაც რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ ქალებსა და ბავშვებს, წვავდნენ მათ სახლებსა და ბომბავდნენ საავადმყოფოებს.
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ძირი გამოუთხარა ქართულ დემოკრატიას და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რუსულ საგარეო ვექტორზე დააბრუნა.
მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო სანქცირებული რუსული კაპიტალის შავ ხვრელად აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.
ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".