სირცხვილიას ინფორმაციით, სპეციალურად მოძრაობის წევრებისთვის დიღმის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნეს, სადაც ისინი სიცივესა და სინესტეში იმყოფებიან.
სირცხილიაში ამბობენ, რომ მანამდე იზოლატორი დალუქული იყო.
"იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სპეციალურად სირცხვილიას წევრებისათვის გახსნეს დიღმის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელსაც აქამდე არ იყენებდნენ და დალუქული იყო. რის გამოც, ბუნებრივია, იზოლატორში აუტანელი სიცივე და ნესტია. სწორედ ამან გამოიწვია ნოდარ რუხაძის პროტესტი. გადაყვანას ითხოვენ სხვა დაკავებულებიც. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სახალხო დამცველს", - წერია განცხადებაში.
გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე, ნატა ფერაძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიორგი მჟავანაძე.
აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.