logo
ENG



სირცხვილია: ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, ერთადერთ გზად მშვიდობიანი პროტესტი რჩება

31 ოქტ 202116:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/31/isy56ju1umasi2a.png

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა თავისუფალი არჩევნები მიისაკუთრა, ამიტომ, ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.

მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ ისინი შეუერთდებიან დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო შეკრებას. 

"ბოლო რამდენიმე წელია, მიუხედავად ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის ქონისა, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავდა და ხედავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.

თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აწ უკვე ერთადერთი შემორჩენილი ხელშემწყობი თავისუფალი არჩევნები - ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა.

არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და ქარუთული ოცნების ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ - თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია.

ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ აღარ გვსურს ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება.

ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია.

ეს ბრძოლა სახალხოა და არა პარტიული. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მომავალი ათწლეულების მანძილზე და ახლა დაშვებული შეცდომა ან გაუბედაობა, აუცილებლად მიგვიყვანს ისტორიულ, შეუქცევად მარცხამდე. თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთობა კი პირიქით, შეუქცევადი გამარჯვების გზაა.

ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება.

ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები შევიკრიბებით პარლამენტის წინ და დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის!". - აცხადებს მოძრაობა სირცხვილია


close დახურვა