logo
ENG



სირცხვილია მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით საგარეოსთან აქციას მართავს

19 დეკ 202116:00
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა სირცხვილია საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

აქტივისტების თქმით, მამუკა ჩხიკვაძის, როგორც 2008 წლის ომში მონაწილე ყოფილი სამხედროს მიმართ ანგარიშსწორების განსაკუთრებით დიდი საფრთხეები არსებობს. ამიტომ, საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ჩხიკვაძე უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს.

„მამუკა ჩხიკვაძე არის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი, რომელიც ერთი მხრივ ეწირება რუსულ საოკუპაციო ძალას, ხოლო მეორე მხრივ ქართული ხელისუფლების უმოქმედობას. მამუკა ჩხიკვაძე არის სამხედრო და ეს ბევრად სენსიტიურს ხდის მის დაკავებას, რადგან ჩვენ ვიცით როგორ ეპყრობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართველ სამხედროებს, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს 2008 წლის ომში“, - აცხადებს აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

შეკრებილი აქტივისტები ამბობენ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქართული ოცნება რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკას მიმართავს. მათი თქმით, ხელისუფლება უმოქმედოა მცოცავი ოკუპაციისა და დამნაშავეების დასჯის მიმართ. ასევე არაფერი კეთდება საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების ქვეყანაში დასაბრუნებლად.

„არ გვინახავს არცერთი ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ დამნაშავე პირები საოკუპაციო რეჟიმიდან ყოფილიყვნენ დასჯილები ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. ან ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას მოეხდინა რეაგირება ან მიემართა საერთაშორისო საზოგადოებისთვის თხოვნით რომ ომის დამნაშავეები დასჯილიყვნენ“, - აცხადებს ნოდარ რუხაძე.

რუხაძის თქმით, აქტივისტები ქართული ოცნებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ელიან, თუმცა მათი დღევანდელი შეკრების მიზეზი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ ხელისუფლებას მოქმედებისკენ უბიძგონ.

***

ცნობისთვის, 12 დეკემბერს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან, წინაგარადან, რუსმა ოკუპანტებმა 10 დეკემბერსაც გაიტაცეს საქართველოს 2 მოქალაქე. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ ბრეთის მცხოვრები მამუკა ჩხიკვაძეა. 

15 დეკემბერს კი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული ადამიანების შესახებ განცხადება გაავრცელ და აღნიშნა, რომ "ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად". 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში წერია, რომ "საზღვრის" დამრღვევები დაისჯებიან, მათ შორის, დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში, როგორც ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების წევრები".

მართალია, განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილ ჯარისკაცზე, მამუკა ჩხიკვაძეზე, რომელიც ასევე დაკავებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ომის დანაშაულების შესახებ ჩანაწერი, სავარაუდოდ, მას მიემართება. 

მამუკა ჩხიკვაძე შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა, ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. რადიო თავისუფლების ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის ციხეში ჩხიკვაძის ცემის შესახებ. გამოცემას ასევე წყარო ეუბნება, რომ ჯარიდან წასვლის შემდეგ ჩხიკვაძემ სხეულზე შავნაბადას ბატალიონის ლოგო ამოისვირინგა, რაც საფრთხეებს ერთი-ორად ზრდის. 

 


close დახურვა