logo
ENG



სირცხვილია მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას მიმართავს

17 ივნ 202101:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/17/8fqxoloh8xgjh27.jpg

მოძრაობა სირცხვილია 17 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას მიმართავს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი და გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და შეასრულოს 19 აპრილის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უპირველეს ყოვლისა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, ასევე გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური და მყისიერი ინფორმირება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრას ჩაატარებს მოსამართლეების წარდგენის, დანიშვნისა და გადაყვანის შესახებ. 

საბჭო 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რაც უმეტესობამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დარღვევად მიიჩნია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს. 

 


close დახურვა