logo
ENG



სირცხვილიას ორგანიზებით დედაენის ბაღში საშობაო გარევაჭრობა გაიმართება

05 იან 202011:40
3 წუთის საკითხავი
 
2hrwg0jmysz56ob.jpg

დედაენის ბაღში საშობაო გარევაჭრობა იმართება, რომლის ორგანიზატორიც მოძრაობა „სირცხვილიაა“. ამ აქციით სამოქალაქო აქტივისტები იმ გარემოვაჭრეებს უცხადებენ მხარდაჭერას, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის წინ არ გადაინაცვლეს საშობაო ბაზრობის ფარგლებში.

როგორც ადგილზე მისული მოვაჭრეები ამბობენ, მათი ნაწილი მერიის თანამშრომლებმა დააშინეს და ამ აქციაზე მისვლაც აუკრძალეს.

„მერიიდან წავედი სახლში. დღეს მირეკავენ, რომ დაგვაშინეს, დაგვაჯარიმეს და დღეს ვერ მოვალთო. 50 ლარით დაუჯარიმებიათ და დაუშინებიათ, ნუ მიხვალთო იქ“, - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, მათ ფიზიკურად არ აქვთ ჯარიმის გადასახდელი თანხა და მერიამ რამდენჯერაც უნდა დააჯარიმოს ისინი, პარლამენტთან მაინც არ მივლენ.

„დამაჯარიმებენ და მანეთს არ გადავუხდი - სულის გარდა არაფერი არ მაბადია. რატომ უნდა მივსულიყავი იქ? რესპუბლიკის მოედანზე გამოგვიყვეს 25-დან 13ის ჩათვლით, რატომ უნდა მივსულიყავი თავისუფლების მოედანზე, სადაც ადამიანების სისხლი დაიღვარა?", - აცხადებს გარემოვაჭრე.

მოსული პოლიტიკოსები სოლიდარობას უცხადებენ გარემოვაჭრეებს და ამბობენ, რომ ამ ადამიანებს იმით დაეხმარებიან, რითაც შეძლებენ.

„სოლიდარობისთვის მოვედი და ვაპირებ შევიძინო ბევრი ნივთი. ძალიან საზიზღრად მოექცა მათ მერია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მოქალაქეობრივი პოზიციისთვის და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მათგან. ის, რომ მათ აშინებდნენ, არის ამორალური და ამ ხელისუფლების სახე“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ლაშა ჩხარტიშვილი ფლი-მარკეტზე გლინტვეინის მომზადებასა და შემოსული თანხით გარემოვაჭრეებს დახმარებას აპირებს. მისი თქმით, პოლიტიკოსები და აქტივისტები არ დაუშვებენ ამ ადამიანების დაჩაგვრას.

„ვუცხადებთ სოლიდარობას მოვაჭრეებს, რომლებიც არ მიდიან პარლამენტთან. მე პირადად ვაპირებ მოვამზადო გლინტვეინი და გადავცე შემოსული თანხა გარემოვაჭრეებს“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. 

სამოქალაქო აქტივისტები, ვისი ორგანიზებითაც ტარდება ფლი-მარკეტი, აცხადებენ, რომ მერიის მოთხოვნა უკანონოა და კალაძეს ეს არ შერჩება.

„მათი მიზანი არის, რომ ადამიანებს აუკრძალონ ვაჭრობა ყველგან. გარდა პარლამენტისა. მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ არანაირი დადგენილება საკრებულოსი არ არსებობს ამაზე - კალაძე მოუწოდებს მათ, დაარღვიონ კანონი. კალაძე უნდა იცოდეს, რომ ეს არ შერჩება“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

გიგა მაქარაშვილის თქმით, მსგავსი სამოქალაქო გმირობები დასაფასებელია და ამიტომაც „სირცხვილია“ არ დაუშვებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანებზე ზეწოლას.

„აუცილებელია, რომ ადამიანები არ გატყდნენ, რადგან პატარა სამოქალაქო გმირობები იგებს ომს - სირცხვილია, რომ ასეთ მოწყვლად ჯგუფს ემუქრება სახელმწიფო იაფფასიანი მეთოდებით და არ დავუშვებთ, რომ ეს ადამიანები დაიჩაგრონ", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

თბილისის მერიამ გარემოვაჭრეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აყარა და პარლამენტთან გადასვლა სთხოვა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა. გარემოვაჭრეები ამბობდნენ, რომ იქ, სადაც შვილმკვდარი მამა აქციას მართავს, ვერ ივაჭრებენ. 


close დახურვა