logo
ENG



სისტემა მზად არის პაციენტების მისაღებად - ტიკარაძე

17 მარ 202015:56
3 წუთის საკითხავი
 
01mrfoxdyjfk7aq.jpg

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა უფრო რთული მდგომარეობის გასამკლავებლადაც. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მობილიზებულია საავადმყოფოები და მედ.პერსონალიც.

„ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, უფრო გამკაცრებული. ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს მოქალაქეების გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეჩერება და სოციალური დისტანცირება. ჩვენ, როგორც ადრეც ვთქვით, მოვამზადეთ სისტემა პირველი ტალღის მისაღებად - ველოდებით უკვე მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, სადაც ჯამში 600-მდე საწოლია - აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე პერსონალის მზაობა. სისტემა მზად არის პაციენტების მისაღებად. რაოდენობა უნდა იყოს კონცენტრირებული - ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. ეს მართვა მოგვცემს უკეთეს ხარისხს. ვმუშაობთ ჯანდაცვის პირველ რგოლთან - ეს ექიმები არიან მზად და თანდათან გადიან კიდეც ტრენინგებს. ლაბორატორიული კვლევების ჩატარება იგეგმება ბათუმში, ქუთაისში და თბილისშიც", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ხელოვნური აპარატების შესახებ მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი გამოყენების აუცილებლობა არ დამდგარა, მაგრამ თუკი ასეთი სიტუაცია შეიქმნება, ქვეყანაში დაახლოებით 150 აპარატი უკვე არის მზად.

„ჩვენთან არ დამდგარა ხელოვნური სუნთქვის აპარატების გამოყენება, მაგრამ უკვე მობილიზებული გვაქვს - ამისთვის მზაობა აქვს ყველა საავადმყოფოს. მაგრამ ამ ეტაპზე არ გვყავს ასეთი მძიმე პაციენტი. გვაქვს მომზადებული 150 აპარატი - საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება", - ამბობს ტიკარაძე.

რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადადგმული ყველა ნაბიჯი არის მკაცრად პრევენციული და სწორედ ამიტომ თუნდაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს მძიმე სიტუაციას ქვეყანაში.

„როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეჩერებინა ჩინეთთან ფრენები - არ ყოფილა მაშინ რეალური საფრთხე. ჩვენ ვდგამთ პრევენციულ გეგმებს, რაც უფრო ეფექტურია და ვთვლით საჭიროდ დამატებით პრევენციულ ღონისძიებებს ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოში და ვხედავთ, რომ პრევენციული ღონისძიებები არის ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ. კლასტერების წარმომადგენლობა არის სრულიად გაკონტროლებული - დადასტურებულ პაციენტთა ჯაჭვი არის სრულად შესწავლილი. ვაკვირდებით გარკვეულ რიცხვებს, რამდენად ხარისხიანად სრულდება რეკომენდაციები, ჩვენი მოქალაქეების მზაობას და ამის ჯამური შეფასება იძლევა გადაწყვეტილების მიღების საფუძველს", - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 34 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო 1008 ადამიანი კარანტინშია მოტავსბეული.


close დახურვა