logo
ENG



სისულელეები, ბოდვები - ოხანაშვილი სუს-ის მიერ პირადი ცხოვრების ანგარიშების მომზადებაზე

02 აგვ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

სისულელეებს, სიზმრებსა და ბოდვებს უწოდებს ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

გვარამიამ გუშინ, 1 აგვისტოს ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია - მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. 

ოხანაშვილის თქმით, ამაზე გამოძიება ვერ დაიწყება, რადგან "სისულელეა".

"ეს სიზმრები და ბოდვები არის სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენლების დღის წესრიგი, რასაც ისინი აკეთებენ. არასერიოზულ საკითხებზე ხომ ვერ ვისაუბრებ?! რამე სერიოზულს რომ იტყვიან, მერე გავაკეთებ კომენტარს - სერიოზულს რომ იტყვიან და გზადაგზა არ შეთხზავენ ტექსტებს, მერე. სისულელეებზე და იმაზე ვერ დაიწყებენ [გამოძიებას]. გამოძიების დაწყება/არ დაწყება არის შესაბამისი უწყების კომპეტენცია, მე მიმაჩნია, რომ ეს არის სისულელეები, მაგრამ მათ უნდა გადაწყვიტონ", - თქვა ოხანაშვილმა.

გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა