სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიებაა დაწყებული. ყველაზე ინფორმირებული სახელმწიფო უწყება გვაცნობებს, რომ საქართველოში არსებობენ რიგი მოქალაქეები და პირთა ჯგუფები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.
უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ ვის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ ქალაქის მერს მარნეულიდან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოსთხოვა. ულტიმატუმს ულტრანაციონალისტური ძალების გააქტიურება და საქართველოს აზერბაიჯანულ თემში უკმაყოფილება მოჰყვა.
შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტი პირველი იყო, რომელიც პანდემიის აქტიურ ფაზაში მთლიანად ჩაიკეტა და შემდეგ მასობრივ ტესტირებას დაექვემდებარა. ათასობით თანამოქალაქემ ჩააბარა ტესტი საიმისოდ, რომ ვირუსის გავრცელებას ფართო მასშტაბი არ შეეძინა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა და მთელი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო.
ქვეყნის დრამატული ისტორიიდან ვიცით, რომ საბჭოურმა წარსულმა არაერთი ნაღმი დატოვა და მათი უმეტესობა კვლავ ზედაპირზეა. მთავარია ისაა, როგორი იქნება ჩვენი საერთო რეაქცია და მზაობა თუნდაც შეცდომების გამოსწორების და პოზიციების დაახლოებისთვის. სწორედ ასეთ ტესტს ვაბარებთ ყველანი, სიფრთხილის ტესტს, რომლის შედეგზეც ბევრად იქნება დამოკიდებული პასუხი კითხვაზე - გვაქვს თუ არა საერთო სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტიტუციურ პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული.