პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. საკითხის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გენერალური აუდიტორის მოადგილე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უპასუხებენ.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები ოპოზიციაში. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ქვეყანა მომავალ წელს დიდი საგარეო ვალით ხვდება, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.
"მთავრობას საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინაშე მთავარი პრობლემა ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების მატება. მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სიღარიბე და მისი დაძლევა, როგორც პრიორიტეტი, ნახსენები არ არის. 2020 წელს მთავრობა აპირებს ხალხის ფულის უყაირათოდ ფლანგვას, ხარჯვას და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ლარის გაუფასურების, შესაბამისად ფასების ზრდის მორიგი ტალღა გველოდება,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
არსებულ მძიმე სოციალურ ფონს რომ საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია უფრო გააძლიერებს, ამაში დარწმუნებულები არიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც." რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს სწორედ საგარეო ვალის საშუალებით შეავსოს ბიუჯეტი და აღნიშნული საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
"ახლა 400 მილიონი აიღეს, 800 მილიონს იღებენ მომავალი წლის ბიუჯეტში შიდა ვალს 1,8 საგარეო ვალს. ვალებით უნდათ შეაკოწიწონ ბიუჯეტი რომ წინასაარჩევნოდ რაღაც აქტივობები გამოაჩინონ,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ მასწავლებლების, ექიმებისა და სამართალდამცველებისთვის ხელფასების ზრდა, არა მოახლოებულ არჩევნებს, არამედ მათ დაბალ ანაზღაურებას უკავშირდება.
"რეკომენდაცია არის რომ არ გაბედოთ პენსიების და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები. მოდით ვკითხოთ პენსიონერებს და იმ დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასების მატებაზეც არის საუბარი - ექიმებს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, რომლებიც თითქმის 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ადამიანებს, საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ,"-აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.