logo
ENG



სიღრმისეულმა კალაძემ ზედაპირულობაში კონგრესმენები დაადანაშაულა - გიორგი ვაშაძე

17 თებ 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარების შეფასებები ზედაპირულია.

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კალაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ რეალობის აღქმა დაკარგა.

„საოცარი ცინიზმია, სიღრმისეულმა კალაძემ ზედაპირულობაში დაადანაშაულა კონგრესმენები. საერთოდ დაკარგეს აღქმა რეალობის ამ ადამიანებმა და მრცხვენია, რომ ეს ადამიანები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ. სამარცხვინოა ნებისმიერი შინაარსი, რასაც ისინი ამბობენ. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მის პოზიციას იზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი. მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები არასერიოზულია.

„ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. კალაძის მხრიდან, თუ ნებისმიერი სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადებები უბრალოდ არასერიოზულია. როდესაც სენატორებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრებს, მთავრობებს უწოდებენ არაკომპეტენტურებს, ეს უჩვენებს იმას, თუ რაოდენ შორს არიან რეალობიდან“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებაზე მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმაც ისაუბრა.

„ზოგადად ხელისუფლება კუთხეში დაყენებული არასდროს უნდა იყოს. ეს არის სამარცხვინო, როდესაც კუთხეში მიყენებული ბავშვივით თავს იმართლებს, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ იმის უნარი, რომ თავაწეულებმა, მიუხედავად შეცდომებისა ელაპარაკონ საერთაშორისო პარტნიორებს. მართლა დამამცირებელია ეს ქვეყნისთვის იმიტომ, რომ დღეს ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების პოზიციებს ყურადღებით ეცნობიან. 


close დახურვა