logo
ENG



სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები იზრდება

03 სექ 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/v6l3mh8qd8up99r.jpg

სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქციები მკაცრდება.

მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 

კანონპროექტი შსს-მ მოამზადა. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. 

კანონპროექტი ინტერპრესნიუსმა მოიპოვა. გამოცემის ცნობით, ის პარლამენტის ბიუროში საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე დარეგისტრირდება.

როგორც ipn წერს, პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო სიტუაციის შექმნა მოჰყვება, პირი ნაცვლად არსებული 300 ლარისა, 400 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

ასევე, იზრდება სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით, ნაცვლად 300 ლარისა.

გარდა ამისა, დასჯადი ხდება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება - ე.წ. დრიფტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამ სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.


close დახურვა