logo
ENG



სიცრუეა - კალაძე, კანონპროექტის ჩავარდნის მიზნით, ნინო წილოსანზე ზეწოლის მოხდენას უარყოფს

15 ნოე 201916:55
3 წუთის საკითხავი
 
glutrvrvdd1s9sb.png

„ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე  გადასვლის კანონპროექტის განხილვისას ზეწოლისა და დეპუტატების გადაბირების პროცესში, უშუალოდ იყო ჩართული თბილისის მერი კახი კალაძე. „ევროპული საქართველოს" გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დეპუტატი ვისი გადაბირებაც მოახერხეს ნინო წილოსანია.

„ივანიშვილის დავალებით, კობახიძე და კალაძე იყვნენ ძალადობაში ჩართულნი. კალაძემ ზეწოლა მოახდინა ნინო წილოსანზე. წილოსანი სამი თვეა საუბრობდა პროპორციული საარჩევნო სისტემის სიკეთეებზე და უცბად აღმოჩნდა მოწინააღმდეგეთა ბანაკში," - განაცხადა უგულავამ.

თავად ნინო წილოსანი დღეს, 15 ნოემბერს გურიაში იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით, ამომრჩეველს უნდა შეხვედროდა და აეხსნა თუ რატომ გადაწყვიტა ხმა არ მიეცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. წილოსანი ოპონენტების ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„არ ვიცი რომელ ოპოზიციურ წევრზე საუბრობთ, მაგრამ ეს პიროვნება არის მატყუარა. მას არ აქვს მორალური უფლება, რომ ჩემს ოჯახზე ისაუბროს. იმიტომ, რომ მისმა მთავრობამ ჩემი ოჯახი გააკულაკა. განცხადებას უარყოფ, ჩემი ოჯახი საკმაოდ ძლიერია, რომ დაიცვას სიმართლე ჩემს გარეშეც," - განუცხადა „ფორმულას“ წილოსანმა.

კალაძე განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი იყო ვისაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემის ცვლილება სურდა.

„თავისი გადმოსახედიდან უყურებს ყველაფერს, ეს სიცრუეა. პარტიის გენერალური მდივანი ვარ და ბუნებრივია მოლაპარაკებებში ვიყავი იმ მიზნით ჩართული, რომ შეგვძლებოდა საარჩევნო ცვლილება განგვეხორციელებინა. თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა," - განაცხადა კალაძემ.

„ფორმულამ“ „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებთან გადაამოწმა ინფორმაცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა.


close დახურვა