ძალადობის შემცველი ბანერების წინასაარჩევნოდ განთავსებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც აუდიტის სამსახურის შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, მოკვლევის მიზანი ბანერების განთავსებისთვის გაწეული ხარჯის კანონიერების დადგენაა.
"2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს". აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ",- ნათქვამია ანგარიშში.
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.
ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.
სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები.