ალუბლების ქუჩის მოსახლეობა პროტესტს განაგრძობს. მოსახლეობა მერიას ადგილზე სკვერის, ან საბავშო მოედნის გაშენებას წლებია სთხოვს, თუმცა დედაქალაქის მთავრობამ ადგილზე ორი მაღალსართულიანი კორპუსის აშენებისთვის გასცა ნებართვა. ამის გამო ადგილობრივებმა დღეს ალუბლების ქუჩაზე ბაღის მშენებლობა საკუთარი სახსრებით დაიწყეს.
დღეს გამართულ აქციაზე ქუჩის მოსახლეობას სოლიდარობა ანას ბაღის დამცველებმა გამოუცხადეს. საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ. ისინი სამშენებლო კომპანიის უკან მერის კახი კალაძეს ხედავენ და მერიის კორუფციულ ინტერესებზე საუბრობენ.
სამშენებლო კომპანია „ენ-აი-დის" დირექტორი აცხადებს, რომ როდესაც მიწა შეიძინა, ნაკვეთი საცხოვრებელ ტერიტორიას მიეკუთვნებოდა, რასაც დოკუმენტებით ადასტურებს. ის თანახმაა ადგილმონაცვლეობაზე და ამ თხოვნით მერიას მცხოვრებლებთან ერთად მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივებმა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ მერიაში საჩივარი უკვე შეიტანეს. არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ მცხოვრებლების საჩივარზე წარმოება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ სამსახურში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არაა.
ვიდრე მერიაში გადაწყვეტილებას მიიღებენ, მოსახლეობა ალუბლების ქუჩაზე ალუბლების ბაღის გაშენებას საკუთარი ძალებით ცდილობს.