მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” ფსიქოლოგები მუშაობას გააგრძელებენ.
ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაავრცელეს.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება „მწვანე სკოლაც“, სადაც ის რამდენიმე თვე სწავლობდა.
„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, - ნათქვამია სკოლის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.