logo
ENG



სკოლებში სავალდებულო საბაზისო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრა

18 ივლ 202414:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/dw11fqe8bfp9q25.jpg

სკოლებში სავალდებულო საბაზისო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).

არსებული კანონმდებლობით ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავდა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საბაზისო საფეხურის ერთი წლით გაზრდა და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულოა განათლების ფორმატში, რაც შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან.

"მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12- წლიანი რჩება.

კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი დებულებების დამატებას, რომელიც აკონკრეტებს ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს.

"კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე, ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს გაუხანგრძლივდებათ სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით"- ნათქვამია კანონპროექტში. 

განმარტებითი ბარათის თანხმად: 

გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია.

გარდამავალი დებულებით ასევე დადგენილია სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ. აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.

გარდამავალი დებულებების ბოლო ორი პუნქტი ეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ დაწესებულება უფლებამოსილი იქნება 3 წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე.


close დახურვა