logo
ENG



სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან, რომელსაც ლეხ კაჩინსკი ემსხვერპლა, 12 წელი გავიდა

10 აპრ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/crjsc3bltwii2k9.jpeg

სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის ოფიციალური პირების სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 წელი გავიდა.

ავიაკატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. თვითმფრინავის ტუ-154-ის ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პირველი ლედი, მარია კაჩინსკა.

პოლონეთის დელეგაცია ამ დღეს ქალაქ კატინის მემორიალთან, სტალინის რეჟიმის მიერ მოკლული ათასობით პოლონელის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიემგზავრებოდა.

ტრაგედიის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. თუმცა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმამ და პოლონეთის ამჟამინდელმა ვიცეპრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, რამდენიმე დღის წინ პოლონურ მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიების უახლესი ცნობებზე დაყრდნობით, ეჭვი არ ეპარება, რომ თვითმფრინავზე თავდასხმის გადაწყვეტილება კრემლში მიიღეს. 

„ეჭვი არ მეპარება, რომ [სმოლენსკში] თავდასხმა მოხდა. ეს გადაწყვეტილება კრემლში უმაღლეს დონეზე უნდა მიეღოთ. უახლესი დოკუმენტები, რაზე წვდომაც მაქვს, როგორც დაზარალებულს საგამოძიებო პროცესში ავსებს იმ ღია სივრცეებს, რაც ტრაგედიის შესახებ ცნობებში არსებობდა“, - აცხადებს იაროსლავ კაჩინსკი.  

კაჩინსკი პოლონეთის ხელისუფლებას კვალის დაფარვაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საჭიროა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ.

იმავე ინტერვიუში იაროსლავ კაჩინსკიმ უკრაინაში რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი რუსეთისთვის ფინანსების შეწყვეტა, რუსულ ნავთობზე უარის თქმა, საზღვარგარეთ რუსებისთვის საკუთრების ჩამორთმევა, მეორე მხრივ კი უკრაინის დახმარებაა. 

ლეხ კაჩინსკისა და სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დაღუპულებს პატივი მიაგო და პოლონელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

„ჩვენ პატივს მივაგებთ სმოლენსკის სიახლოვეს ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას, [კატასტროფის] რომელმაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის ელიტური წარმომადგენლობის სიცოცხლე 12 წლის წინ იმსხვერპლა. დღეს ჩვენ პოლონელი მეგობრებისა და მოკავშირეებისადმი სოლიდარულები ვართ, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინასთან დგანან“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა