პარტია ჩვენი საქართველოს - სოლიდარობის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პარტიას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ხელახალი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო სისტემის ცვლილება.
"ქართულმა ოცნებამ გადალახა წითელი ხაზები და არჩევნების გაყალბება დააგვირგვინა უკვე კომისიებში ხმის დათვლის პროცედურით მანიპულირების საფუძველზე. ამის უამრავი ფაქტი არსებობს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი რასაც ვითხოვთ, არის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო დაუდევრობა, გულგრილობა თუ მიზანმიმართული ქმედება. ფაქტია, რომ ქალბატონი თამარ ჟვანია პროცესს ვერ ან არ აკონტროლებდა.
მეორე: ჩვენ ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს გაზაფხულზე, და მესამე: ჩვენ ვითხოვთ მთლიანად საარჩევნო კანონმდებლობის და სისტემის ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ყველა პარტიას ექნება თანაბარი წვდომა კომისიაში, მედიაში და ხმის დათვლის პროცედურები გაკონტროლდება უკეთესად", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაწყვეტილებას, პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების მარტო დატოვება სწორი ნაბიჯია.
"არავინ დაემორჩილება ერთპარტიულ პარლამენტს, არავინ მიიღებს მიერ ლეგიტიმურად მის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტებს, არც ერთი გადაწყვეტილება სასამართლოსი და მთავრობის დადგენილებები არ იქნება აღქმული ლეგიტიმურად მანამ, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება განმეორებითი არჩევნები. პარლამენტში არშესვლა არის სწორი, მარტო დატოვება ქართული ოცნების არის სწორი და მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც როგორ შეგვიძლია ისე გავუწიოთ წინააღმდეგობა რეჟიმს, რომ არ მივცეთ ამ ქვეყნის თურქმენიზაციის უფლება", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 3 ნოემბერს, მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დააანონსეს.