აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება.
სოლოღაშვილის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას მხოლოდ 1 პაციენტი აგრძელებს.
„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის ბოქსირებულ განყოფილებაში 48 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 41-ს აქვს დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზი. 12 ბავშვია, 1 რეანიმაციაშია და გვაქვს 1 გამოჯანმრთელება. დაგვემატა ერთი პაციენტი - 79 წლის ქალბატონი თეთრიწყაროდან. არის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა. დატვირთულია ანამნეზით. კონსილიუმი გადაწყვეტს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა. აღენიშნება თანხმლები დაავადებები, არის პნევმონია და ცხელება.
ბოლო 24 საათში ჩვენთან შემოყვანილია 3 საეჭვო პაციენტი, 3 პაციენტის ტესტს ველოდებით და 2 პაციენტთან ველოდებით გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 723-მდე გაიზარდა. გასული ღამის მონაცემებთან შედარებით კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2-ით მოიმატა.
განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან 495 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.