ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავადმყოფოში ამჟამად 43 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.
სოლოღაშვილის თქმით, აქედან 6 ახალი შემთხვევაა.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში 51 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 43-ს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. აქედან, 10-ია 18 წლამდე მოზარდი. 2 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში და მათი მდგომარეობა ფასდება მძიმეთ. დანარჩენი პაცეინტებიდან 6-ია ახალი. ესენია ბოლნისის კლასტერი და კარანტინის სივრცე.
ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე რეანიმაციულ დეპარტამენტში გადავიდა. 4 პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება, აქედან 1 ბავშვია. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ეპიდემიას საქართვლოში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 432 კი განიკურნა.