ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, 9 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. მედიკოსების ინფორმაციით, ინფიცირებულთა დაავადების წყაროები უკვე ცნობილია.
ცნობილია უკვე ექთნის ანალიზის პასუხები, რომელიც საგარეჯოს კლინიკაში მუშაობს. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ორ ჩატარებულ ტესტზე პასუხები განსხვავებული იყო, მედიკოსების გადაწყვეტილებით, ექთანს კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტი და საბოლოოდ დღეისთვის გახდება ცნობილი უდასტურდება თუ არა მას კორონავირუსი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, კლინიკიდან გაეწერა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 1 კვირის წინ ჩაუტარდა ოპერაცია. დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას აღარ აქვს კორონავირუსი.
„ვინაიდან გვაქვს დადებითი პასუხი პირველ ჯერზე მიღებული, შემდეგ უკვე ექიმების ჩარევით და ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვის შედეგად დადგა საკითხი, რომ გაღრმავებული კვლევა ყველა ბიოლოგიური მასალით“,-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 626 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან საუნივერსიტეტო კლინიკაში 58 პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, 2 შემთხვევაში პაციენტებს სწრაფი ტესტით დაუდასტურდათ კორონავირუსი, თუმცა მანამ სანამ მათ PCR-ტესტირება არ ჩაუტარდებათ, ისინი დადასტურებულად ვერ ჩაითვლებიან, რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მედიკოსების თქმით მათი მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დღეს არ მიურიათ, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია.