სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის მესამე შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხეთის პრემიერმინისტრის მრჩეველი, შუშან სტეფანიანი ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ერთ საათში ისევ დაირღვა.
ცეცხლის შეწყვეტა 26 ოქტომბრის 8 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სტეფანიანის თქმით, 9:10 საათზე აზერბაიჯანულმა მხარემ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 5 საარტილერიო ჭურვი ისროლა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი სომხურმა სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ტერტერსა და მის მიმდებარე სოფლებს.
მანამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა აშშ-ის, სომხეთის და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მხარეებმა 24 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს - დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ვალდებულება, შეასრულონ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც რუსეთში 2020 წლის 1-ლ და შემდეგ 17 ოქტომბერს გაფორმდა.
მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა. მას შემდეგ საომარი მოქმედებები არ წყდება. დაღუპულია ათობით სამხედრო და სამოქალაქო პირი.