logo
ENG



სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

18 მარ 202115:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/18/akk7tjbor7dokfh.jpg

სომხეთში საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, - დაწერა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

ფაშინიანის თქმით, ის შეხვდა ფრაქცია "გაბრწყინებული სომხეთის" თავმჯდომარეს გაგიკ ცარუკიანს და მოლაპარაკებების პროცესში მათ გადაწყვიტეს, რომ "შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია". 

პრემიერის ინფორმაციით, არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება. 

ცნობისთვის, სომხეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეების მათი უცვლელი მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.  

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თავის განცხადებაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. თავის მხრივ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში. 


close დახურვა