სომხეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სხვადასხვა დასახლებებში ძლიერმა წყალდიდობამ სახლები დატბორა, რის გამოც საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
სტიქიის ზონა სომხეთში - ალავერდი, ახტალი და ტავუში იყო. ალავერდსა და ახტალში ადიდებულმა მდინარემ ხიდი ჩამოანგრია, რის შედეგადაც, სოფლები დაიტბორა. რაც შეეხება ტავუშის რეგიონს - ჩამოინგრა 2 ხიდი, დაინგრა 3 საცხოვრებელი სახლი, დაიტბორა 45.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ჩასული იყო პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
წყალდიდობის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა მოუწია, ასევე შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.