ქართული ოცნების დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით "არანაირი კითხვები" არ უჩნდება და არც ევროპარლამენტარების გუშინდელი განცხადება არ უნახავს.
"ვერ გეტყვით, არ მინახავს, სავარაუდოდ, თქვენი ინტერპრეტაციაა. როცა ვნახავ, მერე გავაკეთებ კომენტარს"- ამბობს ის.
ფორმულას ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ ეცნობა საერთაშორისო შეფასებებს, სონღულაშვილი ასე პასუხობს: "არ გავცნობივარ. მე პროფილურად ეკონომიკის კომიტეტზე ვარ და პროფილურად რაც არის... იმიტომ არსებობს კომიტეტები, რომ პროფილურად მუშაობს ყველა"- თქვა სონღულაშვილმა.
გუშინ, 17 მაისს 8 ევროპარლამენტარმა ნიკა გვარამიას დაკავრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ შერჩევითი სამართალი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს EU-ს წევრი.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.