logo
ENG



სოფელ გორდში მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს

29 ივლ 202312:40
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთში, სოფელ გორდში მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. მოსახლეობის თქმით, ელექტროენერგია მათ კვირაში სამჯერ არ მიეწოდებათ და არ აქვთ ბუნებრივი აირი. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს.

მოსახლეობა აღნიშნავს რომ მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზებიც. ამასთან, თითქმის სამი წელია მიმდინარეობს სოფლის სკოლის რეაბილიტაცია, რის გამოც მოსწავლეებს რთულ პირობებში სწავლა უწევთ.

"სოფელი უნდა დავტოვო, სკოლა რომ ჰქონდეს ნორმალური ჩემს შვილებს, სპორტულად რომ დაიტვირთონ, რომ ჰქონდეთ ნორმალურ გზაზე გავლის საშუალება. თქვენ რომ ჩემს უბანში გაიაროთ, გაგიჟდებით. თუ არ გაცვია ბოტები ვერ გამოივლი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელი გორდი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ტურისტულ ზონას წარმოადგენს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზეა. სოფლის მიდამოებში მდებარეობს ოკაცეს კანიონი.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურაც მოუწესრიგებელია.

"სოფელში არ არის ელემენტარული გაზი, არაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ბილიკებზე არაა ნაგვის ურნები, საჭირო ოთახი არაა, რომ ტურისტი სადმე შევიდეს", - ამბობს გორდის მოსახლე.

"სოფელში რომ ადამიანი ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს საარსებო წყარო. პირველ რიგში უნდა აჰქონდეს გაზი, მაგრამ რადგანაც გაზი არ გვაქვს, გადართული ვართ შეშაზე. არ გვაქვს მოჭრის უფლება. ათი ათასობით კუბმეტრი გადის , იქ ხომ რჩება ნარჩენები, იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ ხალხმა ის ნარჩენები მოიხმაროს", - აღნიშნა პროტესტის მონაწილე კაცი.


close დახურვა