logo
ENG



სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის ორი მანქანაა მობილიზებული - ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

27 მაი 202108:59
3 წუთის საკითხავი
 

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის ორი მანქანა და პოლიციაა მობილიზებული. 

"რიონის ხეობის მცველებს" გუშინ საღამოდან გზა აქვთ გადაკეტილი და აცხადებენ, რომ კომპანია ენკას სპეცტექნიკას ხეობაში არ შეუშვებენ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას შეუფერხებლად შეეძლება გადაადგილება. 

„მათი გადასაწყვეტია, რამდენად ძალადობრივ მოქმედებებს დაიწყებენ, ჩვენ მშვიდობიანად ვმოქმედებთ და ვკეტავთ გზის ნაწილს კომპანიისთვის. იკეტება ქუთაისიდან ლეჩხუმის მიმართულებით გზა, ხეობაში შესასვლელი, და ასევე, რაჭის მხრიდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ შევუშალოთ გადაადგილებაში ხელი", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციებმა თბილისიდან კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლა. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ჰესის სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას და ხელს შეუშლიან კომპანიას.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სოფელ გუმათში დაბრუნებული "რიონის ხეობის მცველები" პროტესტის ნიშნად ლითონის კედელზე აბრახუნებდნენ, რომელიც პოლიციამ მათ შესაჩერებლად აღმართა. მათ გზა ორ ლოკაციაზე - კომპანია ენკას ოფისთან და სოფელ ტვიშში გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც.

 

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში დედაქალაქში იმართებოდა. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. გუშინ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები ასეთია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს.

 


close დახურვა