logo
ENG



სოფელ კირბალიდან გატაცებული მოზარდი ცხინვალშია გადაყვანილი

23 თებ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 
yv7fk3qhqsilqno.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, სოფელ კირბალიდან გატაცებული მოზარდი გადაყვანილია ცხინვალში. როგორც დავით ქაცარავა ამბობს, კირბალის შესასვლელთან დგანან პოლიციელები და ისინი სოფელში არ უშვებენ აქტივისტებს.

„სოფელ კირბალიდან, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს 17 წლის ახალგაზრდა, ალეკო შიუკაშვილი. ეს ინფორმაცია გუშინვე ჰქონდათ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მალავდნენ მანამ, სანამ ეს ინფორმაცია არ მოვიპოვეთ ჩვენ და არ გავაჟღერეთ. როგორც გავიგეთ, პოლიციას ჰქონდა ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ტრადიციულად ქმნიდნენ ინფორმაციულ ვაკუუმს, როგორც ეს ქნეს იანვარში - ამ ინფორმაციას შემდეგ გავასაჯაროვებთ. ის უკვე გადაყვანილია ცხინვალის მილიციაში. რაც შეეხება ამ საქმეს - ოკუპანტებმა გადმოკვეთეს საზღვარი. ეს სოფლები მდებარეობენ მომეტებული რისკის საფრთხის ქვეშ. აქ პოლიცია არ პატრულირებს, არა მარტო კირბალში, არამედ ატოცში და სხვა სოფლებშიც. გვინდოდა SOS ღილაკის შესახებ პრეზენტაციის გამართვა სოფლის მოსახლეობასთან. მოსახლეობა მოხარულია ამ პროექტით. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა სოფელბშიც შექმნიან მსგავს სიტუაციას და არ მოგვცემენ საშუალებას, მათ ვესაუბროთ. ჩვენი მეგობარი პოლიციელები დგანან სოფელ კირბალის შესასვლელთან და არ გვიშვებენ სოფელში", - ამბობს დავით ქაცარავა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მორიგი პროვოკაციაა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ მიმართული. 

„რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანების უფლებების შელახვას - ეს არის პროვოკაცია საერთაშორისო სამართლისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საქართველო ამ ბრძოლაში არ არის მარტო - ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ კუთხით და საქმეში ვრთავთ საერთაშორისო თანამეგობრობას", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ კირბალიდან 17 წლის მოზარდი გუშინ ღამით გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სოფლის მიმდებარე ტყეში შეშაზე იყო წასული.

 


close დახურვა