logo
ENG



სოფელ მუშევანში მოსახლეობა ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებას აპროტესტებს

11 ნოე 202217:29
3 წუთის საკითხავი
 
სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობა ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებას აპროტესტებს. დღეს სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა, რათა გადაეწყვიტათ, რა გზას მიმართავდნენ იმ პირობებში, როდესაც ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია RMG სამუშაოებს დაიწყებს.

მუშევანის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ სოფლის შემოსასვლელში მორიგეობას დააწესებენ და მძიმე ტექნიკას ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. გარდა ამისა, მოსახლეობა კომპანიასა და მთავრობას მოლაპარაკებებს სთავაზობს.

"გვახსოვს, რა ხდებოდა მეზობელ სოფლებში, სადაც ოქროს აფეთქებებით მოიპოვებდნენ. იქ სახლების უმეტესობა დაზიანდა. ჩვენ გვინდა, რომ იგივე მუშევანში არ განმეორდეს. ყველანაირი დაპირისპირების გარეშე შევეცდებით, რომ სოფელში შესვლის საშუალებას არ მივცემთ და ავუხსნათ, რომ ამას არ შევეგუებით", - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

"ჩემი სახლი ისეთი ძველია, რომ ამ აფეთქებებს ვერ გაუძლებს. ექვსი ბავშვი იზრდება სახლში, ჩემი და ჩემი ძმის. ბაბუამ დაგვიტოვა ეს სახლი და არ მინდა, რომ ვიღაცამ ფული იშოვოს, ჩვენ კი უსახლოდ დავრჩეთ. ააშენონ რაიმე საწარმო და დაგვასაქმონ. ყველანი უმუშევრები ვართ. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ევროპიდან, სადაც ვმუშაობდი. მაინტერესებს, რატომ უნდა ვუხადო გადასახადი პოლონელებსა და გერმანელებს, მირჩევნია აქ ვიმუშაო, ჩემს სამშობლოში", - განაცხადა ახალგაზრდა კაცმა.

სოფლის მოსახლეობის ინტერესებს იცავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელში იყვნენ ჩასულები. ისინი ამბობენ, რომ ყველა ვადის დაცვით წარადგინეს კომენტარები გარემოს ეროვნულ სააგენტოში, თუმცა მათი კომენტარები არ მიიღეს და უთხრეს, რომ ვადებში ვერ ეტეოდნენ. გარდა ამისა, მოსახლეობაში ამბობენ, რომ არის RMG გოლდის მიერ რამდენიმე მოსყიდული ადამიანი, რომელიც აყალბებს მათ ხელმოწერებს. იმის გამო კი, რომ მოსახლეობის ნაწილმა ქართული ენა არ იცის, შესაბამისად, მათ უჭირთ კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ხელშეკრულებაზე ხელს დაძალებით აწერინებენ.


close დახურვა