logo
ENG



სოფელ შქმერის მცხოვრებლები 2 კომპანიისთვის მადნის მოპოვების ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ

12 სექ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock 5293
2021/09/12/almzuy1jyyaeh4x.png
მთის ამბები

სოფელ შქმერის მოსახლეობა ითხოვს, შეუჩერდეს მადნის მოპოვების ლიცენზია იმ ორ კომპანიას, რომელსაც ეს უფლება გარემოს დაცვის სამინისტრომ მიანიჭა. 

შქმერელების თქმით, ამ კომპანიებს მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების ნებართვა აქვთ. 

მათი განცხადებით, არავინ არც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არც მომპოვებელი კომპანიიდან დაინტერესებულა ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით ამ პროცესზე და არ მიუწოდებია ინფორმაცია მოსალოდნელი ზიანის შესახებ. 

"ასევე, არ გასაჯაროებულა კვლევის შედეგები, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ მოპოვების უპირატესობა იმხელაა, რომ ნამდვილად ღირს ადგილობრივი უნიკალური ფლორის და ეკოსოსტემის განადგურება". - აცხადებენ ისინი. 

შქმერის მოსახლეობა ხაზს უსვამს, რომ სოფლის ტერიტორიის ნაწილი, ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლის საჩივრის საფუძველზე კანონიერ მფლობელებს ჩამოერთვათ, პროკურატურაში კი სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო.  

საქმე ეხება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ შქმერში მცხოვრები 5 პირი და ონის მუნიციპალიტეტის მერიის 4 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

პროკურატურა შქმერის მცხოვრებლებს თაღლითობას ედავება, საჯარო მოსამსახურეებს კი - სამსახურებრივ სიყალბეს.

მთის ამბების ცნობით, უწყების მტკიცებით, 2018-2020 წლებში, სოფელ შქმერის რამდენიმე მცხოვრებმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ამავე სოფელში მიწის რეფორმის დროს გაუცემელი სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთები მათ საკუთრებად წარმოაჩინეს და რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართეს. მათ რეესტრში საარქივო ცნობები წარადგინეს.

ონის მერიის შესაბამისმა კომისიამ და მერის წარმომადგენელმა კი დაადასტურეს, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მოცემული ნაკვეთები დოკუმენტებში მითითებულის იდენტური იყო. რეესტრმა მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირა

"მათ არ აკმარეს მიწების ჩამორთმევა და მიუსაჯეს პირობითი მსჯავრები, დაეკისრათ ჯარიმები". - ნათქვამია შქმერელების განცხადებაში. 

ისინი ამბობენ: 

"ხსენებული ნაკვეთები გაფორმებული იყო კანონიერად და ამ პროცესში ჩართული იყო არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა, სანქციები კი დაეკისრათ მხოლოდ მოქალაქეებს, რომლებმაც თავის დროზე ნდობა გამოუცხადეს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს.

აღნიშნული ქმედება აჩენს ეჭვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მიკერძოებულად, მომპოვებელი კომპანიების სასარგებლოდ. ასევე იქმნება გარემო, როცა ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც ვცხოვრობთ და კანონიერად ვფლობთ უძრავ ქონებას, ჩვენს მამაპაპისეულ ნაკვეთებს სოფელ შქმერის ტერიტორიაზე, შესაძლოა აღმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში ძალიან მალე, როცა არ ვიქნებით დაცულნი და შესაძლოა მომპოვებელი კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე დავკარგოთ კუთვნილი ქონება".

შქმერელები მოითხოვენ:

1. პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს სოფელში შექმნილი მდგომარეობა

2. შეჩერდეს ლიცენზიის მოქმედება, სანამ არ მოხდება მადნის მოპოვებისას გარემოს ზიანის ხარისხის ობიექტური შეფასება;

3. შეიქმნას დარგის შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფი, სადაც ჩართული იქნებიან უცხოეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური დასკვნა მადნის მოპოვების აუცილებლობის და რენტაბელობის შესახებ სოფლის ინტერესების გათვალისწინებით; 

4. შესწავლილ იქნეს სოფელ შქმერის პოტენციალი როგორც ეკო და სამთო ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის, სამკურნალო დანიშნულებით გამოყენების და ზოგადად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების კუთხით, ვინაიდან მადნის მოპოვებით სარგებლობს რომელიმე კონკრეტული კომპანია, კერძო ბიზნესინტერესი, ადგილზე კი რჩება განადგურებული გარემო, დაცლილი სოფელი, რომლის აღდგენასაც ათწლეულებიც არ ეყოფა. კომპლექსური მიდგომის, ინვესტიციების მოზიდვის და განხორციელების შემთხვევაში კი მივიღებთ ბევრი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას, ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და რიცხვის ზრდას, საბოლოო ჯამში სოფლის გაძლიერებას, ეს ყველაფერი კი მოგვცემს დროში განგრძობად ბევრად მაღალ ეკონომიკურ ეფექტს; 

5. გადაიხედოს სოფლის მცხოვრებლებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

6. დაიწყოს განხილვა და მუშაობა, რომ სოფელი შქმერი, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ სოფლის გარემოს და მისი პოტენციალის შესწავლის შემდეგ, გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად.

შქმერის მცხოვრებლებმა რეაგირებისთვის ოფიციალური წერილით საქართველოს მთავრობასაც მიმართეს. 


close დახურვა