logo
ENG



სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრების თქმით, ყოფილი რწმუნებული აიძულებდა, საკუთარი საფლავი გაეთხარა

26 აგვ 202019:13
3 წუთის საკითხავი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მაცხოვრები მამაკაცი სოფლის ყოფილ რწმუნებულს გატაცებასა და ცემაში ადანაშაულებს.

როგორც მურადაშვილი "ფორმულასთან" ყვება, კუკური პლაჭიაშვილმა და მისმა თანამზრახველმა მას აიძულეს, გაეთხარა საკუთარი საფლავი. ძალადობის მიზეზი 380 ლარი იყო, რომლის მოპარვასაც ყოფილი რწმუნებული მურადაშვილს აბრალებდა.

"რა ედოთ გულში ვერ გეტყვით, ნასვამები იყვნენ, რა იყვნენ არ ვიცი. მცემეს და მაგინეს. ფული მომიტანეო, 380 ლარი, მერე 590 ლარზე. წამიყვანეს ჩამსვეს და ეს იყო", - ყვება მანუჩარ მურადაშვილი.

მურადაშვილმა მომხდარის შესახებ სამმართალდამცველებს სახლში დაბრუნებისთანავე შეატყობინა. პოლიციამ მურადაშვილები გამოკითხა. დედა ამბობს, რომ სამართალდამცველები ყოფილი რწმუნებულის ოჯახში არ მისულან, დაშავებულს კი ექსპერტიზაც არ ჩატარებია, არადა მანუჩარ მურადაშვილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ორი ადამიანი, სავარაუდოდ, მას შემდეგ დააკავეს, რაც საქმით მედია დაინტერესდა.  ჟურნალისტებთან დაკავებულების ახლობლები არ კონტაქტობენ.

ხიზაბავრას ყოფილი რწმუნებული და მისი თანამზრახველი პოლიციამ გუშინ, 25 აგვისტოს დააკავა. გამოძიება 143-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება ჯერ არ შეფარდებიათ. მურადაშვილის ოჯახი ვარაუდობს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს საპატიმროდან მალევე გაათავისუფლებენ.

 


close დახურვა