სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას არ იზიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. თანამშრომლები გაფიცვას 17 იანვარს იწყებენ.
"სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია. [...] ამასთანავე, არაკეთილსინდისიერია სააგენტოს მხრიდან იმის გავრცელება, რომ თითქოს ამ შემოთავაზებას მშრომელები დათანხმდნენ. მოლაპარაკებები არის ორმხრივი და ამას ერთი მხარე მეორის დაუკითხავად ვერ გადაწყვეტს", - აცხადებენ სოცაგენტები.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვამდე ერთი დღით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.
17 იანვრიდან სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ. სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილნი და სამინისტრო მათ არაფერ ახალს სთავაზობს.