logo
ENG



სოცმუშაკები მიუსაფარი ბავშვების საკარანტინო ზონაში გადაყვანას ითხოვენ

26 მარ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

დაუყოვნებლივ შეიქმნას მიუსაფარი ბავშვებისთვის ზრუნვის ცენტრები – სოცმუშაკები  მოითხოვენ, მიუსაფარ არასრულწლოვანთა განთავსება 2 კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეებში მოხდეს, კარანტინის შემდეგ კი მოზარდები ალტერნატიული ცენტრებში გადაიყვანონ. ეპიდსიტუაციის გამო ბავშვთა თავშესაფრებში გამოცხადებულია კარანტინი. დღის ცენტრით მოსარგებლე მოზარდები კი ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ და ხშირად მათ არც ჭერქვეშ ღამის გათენების შესაძლებლობა აქვთ. 

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს ან მეტროში, ან  ავტობუსში ათენებენ, სადაც მათი დაინფიცირების ძალიან დიდი რისკია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში მთავრობის უმოქმედობამ ბავშვთა უფლებების სფეროში, ეპიდემიის დროს სოციალურად დაუცველი ფენა კიდევ უფრო მძიმე პირობებში ჩააგდო. სახელისუფლებო უწყებებში აცხადებენ, რომ ალტერნატიულ ცენტრებზე მუშაობა დაწყებულია.

როდის დასრულდება კონსულტაციები  მმთავრობაში და როდიდან  ამოქმედდება სპეციალური საკარანტინე ზონები და  ალტერანტიული  სივრცეები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  მანამდე კი ბავშვთა  უფლებადამცველები  ხელისუფლებას ქუჩაში მცხოვრები  მოზარდებისთვის  კიდევ უფრო მეტი  მეთვალყურეობისკენ მოუწოდებს, საზოგადოებას  კი აფრთხილებს რომ თუ სადმე ქუჩაში სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვს  ნახავენ, აუცილებლად  შესაბამის სოციალურ სამსახურებს აცნობონ. 

 



 


close დახურვა