მოსკოვი, ბაქო და ერევანი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციისთვის შესაბამისი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, მხარეთა მიმართვის შემთხვევაში კი პროცესში რუსეთიც ჩაერთვება. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
მოლაპარაკებები 3 საათს გაგრძელდა. სამმხრივი შეხვედრის ჩატარებამდე, პუტინ ალიევსა და ფაშინიანს ცალ-ცალკე გაესაუბრა. შედეგად მხარეებმა განცხადება მიიღეს. როგორც პუტინმა თქვა, დემარკაციის მექანიზმი წლის ბოლოსთვის შემუშავდება. მოლაპარაკებების დასრულებისას კი რუსეთის პრეზიდენტმა ფაშინიანსა და ალიევს ზეთისხილის ტოტები აჩუქა.
ყარაბაღის ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე ნოემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები დაიწყო. ორივე მხარე პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდა, ერევანი კი აცხადებდა, რომ ბაქომ მათ სუვერენულ ტერიტორიებში შეჭრა სცადა. რუსეთის ჩარევის შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.