logo
ENG



სპეციალისტები უახლოეს დღეებში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ

29 მარ 202019:36
3 წუთის საკითხავი
 
6pyoacilijrynzm.png

სპეციალისტები უახლოეს დღეებში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან, ქვეყანაში შიდა გადაცემა უკვე დაწყებულია. სამი ინფიცირებულის შემთხვევაში დაავადების წყარო უცნობია. ინფექციონისტები ამბობენ, რომ თუ აქამდე კონტაქტების დადგენა მარტივი იყო, ახლა კონკრეტული შემთხვევის მიხედვით კარანტინის ამოქმედება და მოსახლეობის ფართო ტესტირება მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ვითარება უკონტრლო გახდეს.

91 ინფიცირებულიდან 18 უკვე გამოჯანმრთელდა, მათგან 2 ბავშვია. ინფექციური საავადმყოფოდან ბოლო ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს გაწერეს. კვლავ მძიმეა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 კოვიდ-დადებითი პაციენტი ჰყავთ. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებულია. მძიმეა იმ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან გადმოიყვანეს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც სომხეთსა და თურქეთში  მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ დროისათვის ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბათუმში მკურნალობს 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს და მეორე დღეა მართვით სუნთქვაზეა. ბათუმის საავადმყოფოში   საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი ოთხი პირის ანალიზის პასუხს დღის ბოლოს ელოდებიან.

ბოლო ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პაციენტი იმყოფება.


close დახურვა