სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი მფლობელის მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა.
მშვილდაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ უწყებამ გამოძიება ისე დაასრულა, რომ შედეგი არ დამდგარა, დაზარალებულისთვის არ უჩვენებიათ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კადრები, გამოძიებამ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის მტკიცებულებები, რომელიც მედიამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოიპოვა. მშვილდაძემ დავა, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
თავად მშვილდაძე აღნიშნავს, რომ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშიც დადგინდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოძიება სათანადოდ მაინც არ წარიმართა.
"გამოძიებასთან მოთანამშრომლე სხვა სახელმწიფო სტრუტურები ძალიან შერჩევითად ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში მტკიცებულებების მოპოვებას - ანუ უნდა მოეპოვებინათ ყველაფერი, იმის გარდა რაც მნიშვნელოვანი იყო. სულ ჩანდა, რომ რაღაცას იპოვებდნენ, მაგრამ არც ერთ კამერაზე არ ჩანდა დრო ან ის მომენტი, ან მანქანის ნომერი. ის, რომ ამ საქმეში სუსი მონაწილეობდა იმდენად ნათელი იყო, კადრში ჩანდნენ, როგორ დადიოდნენ. ტყუილს იძახიან ახლა მთელი სტრუქტურები. სამწუხაროდ მოხდა რაც მარტივად პროგნოზირება იყო ავტოკრატიულ მმართველობაში", - თქვა მიშა მშვილდაძემ.
***
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.