logo
ENG



სპეცრაზმელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს

17 აპრ 202400:44
3 წუთის საკითხავი
 
სპეცრაზმელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს
პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა პუბლიკას ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს და ტაბულას ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სცემეს.

გამოცემა პუბლიკა წერს, რომ პოლიციელებმა ალექსანდრე ქეშელაშვილს პროცესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს. ქეშელაშვილის ცნობით, პოლიციამ მას წაართვა ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.

ტაბულა წერს, რომ მათ ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პირადი მობილური წაართვეს, როცა ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.

 

ასევე, ცნობილი ხდება, რომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მოძრაობა სირცხვილიას წევრს მარიამ დოლიძეს, რის შედეგადაც, მან იდაყვის ტრავმა მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდება. 

ამ წუთებში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული.

ადგილზე ამ დრომდე რჩება სპეცრაზმი. 

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის. 

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა. 

 

 


close დახურვა