logo
ENG



სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს

09 მარ 202305:27
3 წუთის საკითხავი
 
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს
ცემა აქციაზე
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს და მათ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შლის. ამასთან, როგორც კადრებში ჩანს, ერთ-ერთი სპეცრაზმელი აქციაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და მუშტი ჩაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შლიან, დაიწყეს მოქალაქეების ძალის გამოყენებით დაკავებებიც. სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი.

მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე


close დახურვა