სპორტული დარბაზების წარმომადგენლები დღეს აქციას მართავენ. ტრენერები და ფიტნეს ინსტრუქტორები რუსთაველის მეტროდან მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა სპორტდარბაზების მუშაობის აღდგენაა. ფიტნეს ინსტრუქტორის გიორგი ვასაძის განცხადებით, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ შესაბამისი რეკომენდაციები, რის შემდეგაც მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ფიტნეს დარბაზები. მწვრთნელები ვიქნებით აქციაზე, ასევე სპორტსმენები, ვისაც გვაინტერესებს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებზეც გვინდა, რომ პასუხები მივიღოთ. ადეკვატური წესებით გაიხსნას დარბაზი, რომ სპორტსმენებმა და მოვარჯიშე ხალხს, საზოგადოების წევრებმა ვივარჯიშოთ. დაგვპირდნენ, რომ შეგვხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და მივიღებთ პასუხს“, - განაცხადა გიორგი ვასაძემ.
სპორტული ცენტრების მუშაობის ამ დრომდე შეზღუდვის გადაწყვეტილებას გაურკვევლად მიიჩნევენ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებიც.
„ისეთი რაღაც ითქვა მთავრობის მხრიდან, რომ გავხსნით დარბაზებს და ვარჯიში შესაძლებელი იქნება პირბადით. ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა დარბაზში, როგორ წარმოუდგენია ეს. ან საერთოდ არ უნდა გახსნა მაშინ, ან თუ გახსნით ასეთი რეგულაცია არ უნდა დადო, რომელიც ფაქტიურად ნიშნავს, რომ არ ხსნი. იგივეა აუზებთან დაკავშირებით. უკრძალავენ აუზის გამოყენებას, იმიტომ რომ რაღაც რისკებიაო. თუ წყლით არ გადადის და ზღვაზე რამდენიც გინდათ წადითო, აუზზე მაშინ რა რისკია? ეპიდუსაფრთხოების მკაცრად გაწერილი წესები, ყველასთვის გასაგები რომ უნდა იყოს, ეს კომპონენტი იქნა ჩაგდებული და ახლა მადევრის როლშია მთავრობა, რომ უკვე არსებულ ფაქტზე იმუშავებს რეკომენდაციებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.