logo
ENG



სპორტული ცენტრის აუზზე ბავშვები მოიწამლნენ - მშობლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ

26 ოქტ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

სპორტულ ცენტრი იმედის საცურაო აუზზე ბავშვები მოიწამლნენ. ცენტრი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა, თუმცა როგორც ბავშვების მშობლები ამბობენ, ინტოქსიკაციის შემთხვევები ზაფხულშიც იყო, რაზეც მერიას რეაგირება არ ჰქონია.

ისინი პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ.

"აუცილებლად უნდა დაისაჯონ ამისი ჩამდენი. სხვანაირად მე ნდობა აღარ მაქვს, რომ ამ აუზზე მოვიყვანო ჩემი შვილები და ცურვაზე მათი ტარება გავაგრძელო. აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული ეს ყველაფერი და დამნაშავეები დასჯილები. იმედია, შესაბამის ზომებს მიიღებს სახელმწიფო. მერიის დაქვემდებარებაშია ეს და პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მერიას ეკისრება".

"როცა ბავშვები აუზში არიან და მგონია, რომ ბავშვი ცურავს, ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს ვაკეთებთ, აღმოჩნდა, რომ საწამლავს უყრიან ბავშვს. ჩემი ბავშვიც იყო მოწამლული, მყავდა პედიატრთან და დადგინდა, რომ ჰქონდა მსუბუქი ინტოქსიკაცია - ძილიანობით, გულის რევით და მუცლის ტკივილით. ვითხოვთ, რომ პასუხი აგონ, მოწესრიგდეს ეს ყველაფერი, რათა გავაგრძელოთ მშობლებმა ბავშვების აქ ტარება" - ამბობენ მშობლები.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი და მომხდარს სიცრუე უწოდა. მისივე მტკიცებით, აუზზე მომუშავე ადამიანებს "მიზანმიმართულად შეჰყავთ ხალხი შეცდომაში".

არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას თუმცა პრობლემა არსებობს. პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად. დაამთხვიეს ამ ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თუთქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა არ ვიცი, რა უნდა იყოს" - თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


close დახურვა