logo
ENG



სტამბოლში ხელი მოაწერეს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმებას

22 ივლ 202219:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/5uij5d94westf5z.jpg

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, პორტები - ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნი უკრაინული მხარის მიერ გაკონტროლდება. ხსენებულ პორტებში სხვა გემების ყოფნა არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას.

სტამბოლში გაეროს ეგიდით ასევე შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მხარეების წარმომადგენლების მიერ იქნება დაკომპლექტებული და ინიციატივის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს. ცენტრი სპეციალურ საინსპექციო ჯგუფებსაც შექმნის.

თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, არც ერთ სამხედრო გემს, თვითმფრინავს, უპილოტო საფრენ აპარატს არ ექნება უფლება მიუახლოვდეს ჰუმანიტარულ საზღვაო დერეფანს დაშვებულ მანძილზე ახლოს. მანძილს საკოორდინაციო საბჭო დაადგენს.

ხელშეკრულება იმოქმედებს 120 დღის განმავლობაში ხელმოწერიდან და ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის მასზე.

დოკუმენტის სახელწოდებაა "ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ". მას ხელი მოაწერეს თერქეთის, გაეროს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა. რუსულ მხარეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენდა, ხოლო უკრაინას ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი. ხელმომწერებს შორის იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. 

***

რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში საკვების უდიდესი ექსპორტიორები არიან. რუსეთის მხრიდან უკრაინის პორტების ბლოკადამ მსოფლიოში საკვების მიწოდების გზები შეაფერხა, დასავლეთი და უკრაინა რუსეთს საკვების კრიზისის გამოწვევაში ადანაშაულებს. 

ოდესაში 20 მილიონ ტონამდე მარცვლეული საწყობშია და რუსული ბლოკადის გამო შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტზე ვერ გადის. გარდა ამისა, უკრაინა რუსეთს მათი მარცვლეულის მარაგებისა და მინდვრების მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს. 

მოსკოვი საკვების კრიზისში საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს და კრიზისის გამომწვევად დასავლეთსა და უკრაინას ასახელებს. მოსკოვის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეანელა საკვების ექსპორტი, უკრაინას კი რუსეთი შავი ზღვის პორტების დანაღმვაში ადანაშაულებს.

გაერო და თურქეთი 2 თვე მუშაობდნენ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს შესაძლებელს გახდიდა.

თურქეთი, რომელსაც რუსეთთან და უკრაინასთან კარგი ურთიერთობა აქვს, აკონტროლებს შავ ზღვაში შემავალ სრუტეებს. ქვეყანა მარცვლეულის საკითხზე უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორის როლს ასრულებს.


close დახურვა