logo
ENG



სტანო: ანალიტიკური ანგარიში მომზადდება დეკემბრისთვის, გაფართოების პაკეტის - 2023 წლისთვის

15 ივლ 202217:36
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი, პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში 2022 წლის დეკემბრისთვის მომზადდება. სტანოს თქმით, დოკუმენტი იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. მეორე ანგარიში კი გაფართოების საკითხებს ეხება და ის 2023 წლის შემოდგომაზე იქნება მზად.

მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ევროკომისიის წარმომადგენელი, როდესაც 3 დღის წინ ევროპარლამენტში თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მეტ დროს აძლევენ.

"თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რასაც ევროკავშირის გპირდებათ, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - დაპირებებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ზოგადად ქვეყნდება შემოდგომით, ანგარიშის მომზადების პერიოდი იწყება გაზაფხულზე. აშკარაა რომ ლოგიკური და პროცედურული მიზეზებით შეუძლებელია მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა, კიდევ რაც ვთქვით არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, ზუსტად იმ პრიორიტეტებით, რაც განისაზღვრა საქართველოსთვის. ასე, რომ საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა მნიშვნელოვანი პროცესების გასაგრძელებლად. ასე, რომ მოვამზადებთ ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, შემდგომ ანგარიშს გაფართოების პაკეტის ფარგლებში კი 2023 წლის შემოდგომისთვის", - თქვა სტანომ. 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

 

 


close დახურვა