logo
ENG



სტანომ ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა და რუსეთის ომის მიზეზები ჩამოთვალა

31 მაი 202319:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/msngxj4zymegkq7.jpg

საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერი, პიტერ სტანო ფორმულასთან NATO-ს გაფართოებასა და უკრაინაში რუსეთის ომის კავშირის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს პროპაგანდისტული საბაბია, რომელსაც კრემლის რეჟიმი ხშირად იყენებს.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვების განცხადებებზე ჩვეულებრივ კომენტარს არ ვაკეთებთ, ევროკავშირისთვის სრულიად ნათელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის მიზეზი იყო:

  • მისი ნეო-იმპერიალისტური ამბიციები და სურვილი, რომ ბნელი წარსულის დაძველებული გავლენის ზონები ხელახლა შეექმნა;
  • მისი გაცხადებული მიზანი, რომ გაენადგურებინა უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რადგან მისი მტკიცებით, ისინი რეალურად არ უნდა არსებობდნენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ერი;
  • ის ვერ იტანს, რომ რუსეთის ირგვლივ მყოფი ქვეყნები წყვეტენ თავიანთ მომავალს და თავად ირჩევენ საკუთარ მოკავშირეებს, მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე;
  • მას სურდა უკრაინის განადგურება, რათა თავიდან აიცილოს მასთან სიახლოვეს თანამედროვე, ევროპული საზოგადოების გაჩენა, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიასა და მისი მოქალაქეების უფლებებისა თუ თავისუფლებების პატივისცემაზე;
  • NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოსაზრება მხოლოდ პროპაგანდული საბაბია, რომელიც მრავალი ქმედების გასამართლებლად კრემლის რეჟიმს არაერთხელ გამოუყენებია, იმის მიუხედავად, რომ შეჭრამდე და შეჭრის დროს უკრაინის NATO-ს წევრობა განხილვის საგანი არ ყოფილა.

ნებისმიერ შემთხვევაში, გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო და არის დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სასტიკი დარღვევა. ის არღვევს გაეროს წესდება - ამ უკანონო ქმედების მიზეზებისა თუ მოტივების ძებნის ნაცვლად, ის უნდა დაიგმოს და შეჩერდეს", - აცხადებს ის.

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა. მან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი "მიზეზი" NATO-ს გაფართოების საკითხი იყო.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 


close დახურვა