კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნა, გამოიყენოს ბრიტანეთის სამხედრო ბაზები ირანის რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმებისთვის.
პრემიერმინისტრის თქმით, მიზანია ირანის მიერ რეგიონში რაკეტების გაშვების თავიდან აცილებას.
„აშშ-მა ითხოვა ნებართვა, გამოიყენოს ბრიტანული ბაზები კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნით. ჩვენ დავეთანხმეთ ამ მოთხოვნას, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის მიერ რაკეტების გაშვება რეგიონში,“ - განაცხადა სტარმერმა ვიდეომიმართვაში.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ საჰაერო დარტყმებში ირანის წინააღმდეგ და არც მომავალ შეტევებში აპირებს ჩართვას. თუმცა, მისი თქმით, ირანმა საპასუხოდ უკვე განახორციელა თავდასხმები რეგიონში, მათ შორის რაკეტებით დააზიანა აეროპორტები და სასტუმროები, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთის სამხედრო ავიაცია უკვე მონაწილეობს თავდაცვით ოპერაციებში და ირანის მხრიდან განხორციელებული რამდენიმე დარტყმაც შეაჩერა. მისი თქმით, საფრთხის სრულად განეიტრალებისთვის აუცილებელია რაკეტების განადგურება მათი განთავსების ადგილებში ან გაშვების სისტემებში.
სტარმერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, მოკავშირეების მხარდაჭერასა და ბრიტანეთის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
