logo
ENG



სტატუსმეტრი: ევროკავშირის 9 პირობიდან 7 შესასრულებელია, 2-ში უმნიშვნელო პროგრესია

11 აპრ 202413:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/11/ndb9u3znixxf0m3.png

12-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში - სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად მოცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო 5 თვის მანძილზე, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად, კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია, 2 პუნქტში კი უმნიშვნელო პროგრესია.

ორგანიზაციების შეფასებით, უმნიშვნელო პროგრესია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით.

სტატუსმეტრის მიხედვით, შესასრულებელია შემდეგი პირობები: დეზინფორმაციასთან ბრძოლა, პოლარიზაციის დაძლევა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლა. 

 

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებენ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენენ შეფასებას არსებული მდგომარეობის შესახებ და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას.

ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად", - აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

  1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა:
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  1. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება
  • რონდელის ფონდი (GFSIS)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
  1. პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  1. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  1. საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  1. მართლმსაჯულების რეფორმა
  • სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  1. კორუფციასთან ბრძოლა
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)
  1. დეოლიგარქიზაცია  
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  1. ადამიანის უფლებები
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI);
  • რონდელის ფონდი (GFSIS),
  • საფარი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

close დახურვა